თვითიზოლაციისა და კარანტინის ვადები შეიცვალა
დღეიდან ძალაში შედის კორონავირუსის გამო თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადები.

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაცია იქნება 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება;
მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში პაციენტი ვალდებულია, იზოლაციაში იყოს 10 დღის განმავლობაში. ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში უნდა შეინიშნებოდეს ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა. ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციაა, რომ იზოლაციის დასრულების შემდეგ 5 დღის განმავლობაში მოქალაქე ატარებდეს პირბადეს.

ვადები იცვლება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც. კარანტინის ვადა იხსნება იმ შემთხვევაში, თუ: COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირი არის ვაქცინირებული 2 დოზით და მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე, თუმცა არაუმეტეს 90 დღე; თუ პირს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა;
კოვიდგადატანილ პირს, ვირუსის დადასტურებიდან 60 დღის განმავლობაში. ყველა მათგანს აქვს ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია 10 დღის განმავლობაში.

არავაქცინირებული პირებისთვის რჩება რეკომენდაცია, კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში იყვნენ კარანტინში და შემდეგ მე-9 - მე-12 დღეებში გამოიყენონ პირბადე.

| Print |
FaceBook Twitter Google