თბილისში მცხოვრებმა დევნილმა მამაკაცმა თავი მოიკლა
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის თქმით, სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს.

მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც, მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google