ლაგოდეხში,ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.

მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს , 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის გარდაცვალება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა, თუმცა მას შემდეგ , რაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ეს ვერსია მალევე გამოირიცხა. გამოძიებით დადგინდა, რომ კონფლიქტის ნიადაგზე გიორგი ბარბაქაძემ მისი მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბარბაქაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სსკ-ის  11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარბაქაძეს 13 - დან 17 წლამდე,ან უვადო პატიმრობა  ემუქრება.
| Print |
FaceBook Twitter Google