პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად არ ცნო
შოთაძის უწყებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა “დაუსაბუთებლობის გამო” არ დააკმაყოფილა, ამავდროულად, ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს შეეხებოდა, განცხადება პროკურატურამ 20 იანვარს გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას 18 იანვარს მიმართეს. ნიკა გვარამიას თქმით, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს ექნებათ სრული წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე, მათ შორის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ ვიდეოზეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 2021 წლის 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. მოგვიანებით კი, სანამ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში დააბრუნებდნენ, მას კონფლიქტი ჰქონდა საბადრაგო სამსახურის თანამშორმლებთან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

| Print |
FaceBook Twitter Google