პიკი იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი - ივანე ჩხაიძე
ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში დღიურად 15 ათასზე მეტი ინფიცირებული ჯერ მეექვსე ტალღის პიკი არ არის. იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პიკი იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

„20 დეკემბრიდან თუ გადავთვლით ერთ თვეს, სწორედ ახლა, იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში იქნება საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ, მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ზრდა ისევ იქნება და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების 15 ათასი შემთხვევა საქართველოსთვის არ იყოს მაქსიმუმი. ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება თუ რამდენი იქნება მეექვსე ტალღის მაქსიმუმი, ოღონდ ჩვენ ვიღებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, სადაც 3-დან 5-მდე გაიზარდა ადრე არსებული მაჩვენებელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 20-25 ათასი ინფიცირებული შეიძლება გვყავდეს საქართველოში“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google