პირებმა, ვისაც ნაყიდი ტესტით ვირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ- ამირან გამყრელიძე
პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით „ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, როცა დიდი რაოდენობით ხდება ადამიანების დაინფიცირება, ყველგან მატულობს თვითტესტირების წილი საერთო ტესტირებაში. სწრაფი ტესტები ფართოდ არის გავრცელებული ყველა ქვეყანაში და დაინტერესებულ პირს მისი შეძენა აფთიაქშიც შეუძლია. ეს ძირითადად არის თვითტესტირებისთვის, რათა ადამიანი დარწმუნდეს, არის თუ არა ინფიცირებული. თუ ტესტის პასუხი დადებითია, სასურველია პირი იყოს იზოლაციაში და შეასრულოს რეკომენდაციები. ქვეყანაში ახლა 90%-ით „ომიკრონი“ ცირკულირებს. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა არის რეკომენდაციები, როდის უნდა დაუკავშირდეს 112-ს და ოჯახის ექიმს. სასურველია, რომ დაკავშირება დაუყოვნებლივ მოხდეს. რაც შეეხება საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაში მონაცემების ატვირთვას, რა თქმა უნდა, ინფიცირებულ პირს ეს თვითონ არ შეუძლია. ამისთვის ის უნდა მივიდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში ან ამღებ პუნქტში, სადაც ტესტებს ატარებენ, გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ლაბორატორია თვითონ ატვირთავს მონაცემს. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტის გაკეთება საკმაოდ მარტივია, თვითტესტირებისას შესაძლოა, პირმა ის ვერ ჩაიტაროს ისე კვალიფიციურად, როგორც ამას ლაბორატორიები ახორციელებენ. ამიტომ ბაზაში ის მოხვდება შესაბამისი ლაბორატორიის ან სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმების შემდეგ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google