გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას? - გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ - უარყოფითად. მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 39%, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო დანარჩენი არ პასუხობს.

უმრავლესობა უკმაყოფილოა ინსტიტუტებითა და ლიდერებითაც.
პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 35%, იგივე პროცენტი უკმაყოფილოა ცესკო-ს მუშაობით, პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმიანობა არ მოსწონს 46%-ს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ცესკო-ს საქმიანობის უარყოფითი შეფასება ბოლო 6 წელიწადში გასამმაგდა. გაუარესდა პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებებიც. ასევე კვლავაც დაბალია პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასება.

გამოკითხული მოსახლეობის 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის საქმიანობას ეფექტურად უწევს ზედამხედველობას - არ იზიარებს 42%. 52%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლმენტის წევრებს მის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ისინი საკითხის გადასაჭრელად ნაბიჯებს გადადგამენ.

მოსაზრებას, რომ პარლამენტი მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტება ყველაზე მეტი, 61% არ ეთნხმება.

შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს შორის ჩატარებული 2 099 სატელეფონო ინტერვიუს საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილება არის +/- 1.4%-ია.

კვლევა NDI-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC-საქართველომ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით.



| Print |
FaceBook Twitter Google