ბინაზე მყოფ კოვიდპაციენტებს ისევ ოჯახის ექიმები უმკურნალებენ
დღეიდან ბინაზე მყოფ კოვიდპაციენტებს, ონლაინ კლინიკის ნაცვლად ისევ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კლინიკების რაოდენობა საკმარისია, უმჯობესია პაციენტს თავისმა ოჯახის ექიმმა უმკურნალოს.

„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან", – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დეკემბერში ოჯახის ექიმებს ტრენინგები ჩაუტარდათ, ისინი უკვე მზად არიან პაციენტების სამართავად.

შეგახსენებთ, რომ თამარ გაბუნიამ 25 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყანაში 102 ონლაინ კლინიკა იყო მობილიზებული, არსებული რესურსი კი საკმარისი იყო მისთვის, რომ ყველა ინფიცირებულისთვის სათანადო ყურადღება მიექციათ.

| Print |
FaceBook Twitter Google