გურჯაანის მუნიციპალიტეტში შვიდი ბაღი დაიკეტა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების გამო ამ დროისთვის შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღია დაკეტილი.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ასევე დაკეტილია რამდენიმე ჯგუფიც.
„ დაკეტილია კალაურის პირველი, ზეგაანის, ჩუმლაყის პირველი , გურჯაანის მეორე, ბაკურციხის, ქოდალოს და ზემო კაჭრეთის ბაღები. თანამშრომლებს და ბავშვებს დაუფიქსირდათ კოვიდი და სხვებსაც რომ არ გადასდებოდათ, ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით, საჭირო გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, დაკეტილია: ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღში - 2, ხოლო არაშენდის, ვეჯინის, ჩალაუბნისა და ახაშნის ბაღებში თითო ჯგუფი.
კალაურის, ქოდალოს, ზეგაანის და ბაკურციხის ბაღები გაიხსნება შვიდ თებერვალს, ჩუმლაყის და გურჯაანის მეორე ბაღი - ათ თებერვალს, ხოლო ზემო კაჭრეთის ბაღი - 12 თებერვალს. “

რაც შეეხება აღსაზრდელების რაოდენობას, შორენა ფროდიაშვილის განცხადებით, მათი რიცხვი ძალიან მცირეა.
„დანარჩენ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობა ძალიან მცირეა. იმ ბაღებში, სადაც ჯგუფი იკეტება სხვა ჯგუფების მშობლები ფრთხილობენ და შვილები არ მოჰყავთ. მცირე რაოდენობის მიუხედავად, ბაგა - ბაღების მასიურ დაკეტვას მაინც არ ვგეგმავთ, იმიტომ, რომ მოსამსახურე მშობლებს ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის ბაღი აუცილებელია.“

მისივე თქმით, სანამ დაკეტილი ბაღები გაიხსნება, ყველგან ჩატარდება დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე დაიტესტებიან თანამშრომლები.



| Print |
FaceBook Twitter Google