დღეს ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს.

1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.

| Print |
FaceBook Twitter Google