გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული
სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 3 მარტს დაიწყება.
უწყების ცნობით, ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9).
დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც
მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.
I სესიაზე რეგისტრაცია – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე
დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დროა 14:30 საათი; ტესტირება 15:00
საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ
დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ
გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი
ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
განრიგი:
3 მარტი: I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა
არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მოსწავლეებისათვის; ფიზიკა.
II სესია – ინგლისური ენა.
4 მარტი: I სესია – ქიმია, რუსული ენა;
II სესია – გეოგრაფია, ბიოლოგია, ფრანგული ენა.
5 მარტი: I სესია – მათემატიკა, ისტორია.
ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.
2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია
ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის
მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის
რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
მასალის გამოყენების პირობები