დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღინიშნავს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად ათონის წმინდა მთაზეა დაცული, მე-9 საუკუნეში ერთი ღვთისმოშიში ქვრივი ქალის კუთვნილება იყო, რომელიც ქალაქ ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა. იმპერატორ თეოფილეს დროს ხატმებრძოლი მწამებლები ყველგან დაეძებდნენ წმიდა ხატებს და ანადგურებდნენ. ამ ქრისტიანი ქალის სახლშიც მივიდნენ და ერთ-ერთმა მხედარმა შუბი აძგერა ღვთისმშობლის ხატს. ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დენა დაიწყო. მასპინძელი სიწმიდის გადასარჩენად ფულს შეპირდა მხედრებს და სთხოვა დილამდე ხელი არ ეხლოთ ხატისთვის. როცა მხედრები წავიდნენ, ქალმა თავის ვაჟთან ძესთან ერთად ხატი ზღვაში ჩააგდო, რათა ეხსნა განადგურებისგან.

ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერები რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდნენ ზღვიდან ცამდე აღმავალ ცეცხლოვან სვეტს. ნაპირთან მისვლისას ზღვის ტალღებზე ბერებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს. ათონის ივერთა მონასტრის კეთილმსახურმა ბერმა, წმიდა გაბრიელ ქართველმა ღვთის ბრძანებით, რომელიც ძილში გამოეცხადა მას, დაუბრკოლებლად გაიარა ზღვის ტალღებზე, აიღო წმიდა ხატი და სავანის ტაძარში დაასვენა.

მეორე დღეს ხატი ტაძარში კი არა, სავანის კარიბჭეზე ნახეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ წმიდა გაბრიელს კვლავ არ გამოეცხადა ყოვლადწმიდა ქალწული და თავისი ნება არ ამცნო: დაფარულ ხატად ყოფნა კი არ მსურს, არამედ თქვენს მფარველადო. ამის შემდეგ ბერებმა მონასტრის კარიბჭეზე დაკიდეს და სწორედ ამიტომ ეწოდა ხატს კარიბჭის ხატი.

| Print |
FaceBook Twitter Google