ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა 25 თებერვლისთვის, ჩაიშალა. მასში მონაწილეობაზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ", პარლამენტში მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკეტილი დახვდათ სხდომათა დარბაზის კარიც.


ოპოზიციის წევრებმა უკრაინის დროშა პარლამენტის ფოიეში გაშალეს და საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები იმღერეს მას შემდეგ, რაც მედიასთან განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე სურდათ უკრაინისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და დაენახებინათ, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც საქართველო ერთიანია და უკრაინაში ომი ასეთი საკითხია, თუმცა ხელისუფლებამ სხდომაში მონაწილეობაზე უარით აჩვენა, რომ მას განსხვავებული პოზიცია აქვს.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა. "ქართულმა ოცნებამ" ამავე დღეს თქვა, რომ არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას იმის გამო, რომ ოპოზიცია უკრაინის საკითხს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს.

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. 25 თებერვალს მთავარი ბრძოლები უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google