დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 46 სკოლაა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა კვირის მსგავსად, საგრძნობლად იკლო.
კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 2,4%-ს, ხოლო მოსწავლეების 1%-ს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირაა კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის.
რაც შეეხება ციფრებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 46 სკოლა იმყოფება, რაც სამინისტროს განმარტებით, წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 6-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 99-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

“ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებელთა ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

| Print |
FaceBook Twitter Google