რა შემთხვევაში ვერ გავლენ ეროვნულ გამოცდაზე მასწავლებლები, აბიტურიენტები და სტუდენტები
მასწავლებელს, გამომცდელს, სტუდენტსა თუ აბიტურიენტს უფლება აქვს გამოცდაზე არ გავიდეს, თუ კოვიდვირუსის დადასტურებიდან 7 დღე არ იქნება გასული. ამის შესახებ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებში წერია, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

„ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე“, – წერია კანონში შეტანილ ცვლილებებში.

იმ გამოსაცდელთა იდენტიფიცირება, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდებიან კოვიდ 19-ით დაავადების შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევალება, რომელსაც გამოცდების ცენტრმა წინა დღეს გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების სია უნდა მიაწოდოს.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ინფორმაცია ვირუსით დაავადებული სტუდენტების, მასწავლებლების თუ აბიტურიენტების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას.

| Print |
FaceBook Twitter Google