მთავრობა, რომელიც უკრაინის გვერდით არ არის, ჩვენ არ უნდა წარმოგვადგენდეს - ელენე ხოშტარია
დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ. ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მან და აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათიეს. როგორც მან განაცხადა პროტესტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

„ჩვენ, მოქალაქეების ჯგუფთან ერთად, ღამე აქ ვიყავით, პარლამენტის წინ. დილის გეგმები შეიცვალა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ლეგიტიმური, ერთადერთი სწორი მოთხოვნა, რომ ის მთავრობა, რომელიც არცხვენს ჩვენს ქვეყანას, არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არ იბრძვის მშვიდობისთვის და არ არის უკრაინის გვერდზე, ის არ უნდა წარმოგვადგენდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ქმედითი დახმარება და ასევე, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომ ევროკავშირში მოვითხოვოთ წევრობა. ჩვენ, ასევე აქციების პარალელურად, გვექნება საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრები დღის განმავლობაში, იმ ახალგაზრდების ჯგუფებთან, რომლებიც მოდიან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი არ არის არცერთი პარტიის. ამ პროტესტის ფორმებზე, შინაარსზეც, შემართებაზეც, ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ჩართულობა, ამიტომ აბსოლუტურად ყველას, ყველა მოქალაქეს, რომელიც არის დღეს ნამდვილად ძალიან გაბრაზებული, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, რომ ერთად წარვმართოთ ეს პროცესი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ 2 მარტს დილის 8 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებოდნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა დღეს აღნიშნული გეგმა შეიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google