შესაძლოა პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შეიცვალოს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ფსიქოლოგებთან, აღმზრდელებსა და მეთოდისტებთან ერთად მუშაობს იმის დასადგენად, რა ასაკშია ბავშვის სკოლაში გაშვება მართლებული და სწორი.
ამის გათვალისწინებით, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით,  სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანია, დადგინდეს არგუმენტი, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის უნდა იყოს.

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღის ჩანაწერის შეცვლასა და ამ ცვლილების ვადებს, ამილახვარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

მისივე ინფორმაციით, ასევე, ცოტა ხანში გაირკვევა, რამდენად მზადაა სამინისტრო, ცვლილების შემთხვევაში, პირველკლასელების გაზრდილი ნაკადის მისაღებად.

„მშობლების, ჩვენი დეპუტატებისა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.ზოგს ასე უნდა, ზოგს უნდა, რომ დავწიოთ ასაკი. ვმუშაობთ ძალიან აქტიურ რეჟიმში. გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ახლო მომავალში, 2-3 კვირაში რაღაც პოზიციაზე გავალთ, რა შეგვიძლია ან არ შეგვიძლია ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენ კონსულტაციების ფარგლებში ვმუშაობთ და ვუსმენთ ფსიქოლოგებს, აღმზრდელებს მეთოდისტებს, თუ რას ეფუძნება კანონში ჩანაწერი, რომ ბავშვი 1-ელ კლასში მისვლისას, სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) უნდა იყოს 6 წლის. რამდენად შეიძლება ბიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე ეს ასაკი ან გადავწიოთ ან გადმოვწიოთ. ამასთან, ვმუშაობთ სამინისტროსთან სკოლებში ადგილების რაოდენობაზეც. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ სწორი ასაკი დადგინდეს. ეს თუ შეიცვლება, არ იყოს სამინისტროს ადმინისტრირების კუთხით პრობლემა, ის მზად იყოს ამ პროცესისთვის. ფსიქოლოგები და ეს ჯგუფი თუ გვეტყვის, რომ ამ ასაკის გადაწევა შეიძლება, მერე უკვე მსჯელობა წავა, რა უნდა იყოს ეს ასაკი. 15 სექტემბრის ნაცვლად, ვთქვათ, რამდენი ხნით შეიძლება ამის გადაწევა. ჯერჯერობით, თარიღამდე არ მივსულვართ. განათლების კომიტეტი ამ საკითხს სწავლობს და მუშაობს“,- განაცხადა ამილახვარმა.


| Print |
FaceBook Twitter Google