კიდევ 500 უკრაინელის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა
„აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე რეგიონებიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია წარმატებით დასრულდა. უკრაინელების ევაკუაცია გაეროსა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ ორი ჰუმანიტარული დერეფნით განხორციელდა.

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ტვიტერზე წერს.

“ოპერაციის განხორციელების დროს, ორმა უსაფრთხო დერეფანმა წარმატებით მოახდინა 500 ადამიანის ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან.

ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია გამოიწვევს უფრო მეტ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა იყოს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების საშუალება,“ - წერს გუტერეში.

დღეს დილამდე ცნობილი იყო, რომ ბოლო დღეებში, გაერომ და "წითელმა ჯვარმა" ორ ეტაპად შეძლეს მარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია. მათ შორის იყვნენ, ბავშვები, ქალები და მოხუცები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" ე.წ კატაკომბებს.

უკრაინის ხელისუფლებისა და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა 3 მაისიდან განაახლეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს არა შტურმს, არამედ "საცეცხლე წერტილებზე უკრაინელი სამხედროების გასვლის მცდელობის აღკვეთას". რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი უკრაინელი მებრძოლებისგან დანებებას მოითხოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google