ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გაურკვეველი ვადით გადაიდო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საუბარში,  ყურადღება გაამახვილა შეხვედრების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივაზე.

მათივე ცნობით, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენელი, ჯიჰან სუნთანოღლუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ვოილერ მოშანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს უნდა გამართულიყო, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება კითხვა, ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


უწყების ცნობით, "შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების, დასავლეთის ქვეყნების მცდელობების გათვალისწინებით, გადაიტანონ დაპირისპირების ლოგიკა სამხრეთ კავკასიაშიც, უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ცხინვალისა და სოხუმის მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება".





| Print |
FaceBook Twitter Google