აუდიტის სამსახურმა პრორუსულ პლატფორმა “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრორუსულ, ძალადობრივ პლატფორმა "ალტ-ინფოს" 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა.

ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ წერილობით მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილ პასუხში ვკითხულობთ:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს" მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები (ოფისების რემონტისა და ბრენდირების ხარჯების დაფინანსება სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის განკარგვა საიჯარო ვალდებულებების გარეშე), რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით.


აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა შემოწირულობების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და − ჯარიმა შემოწირულობის ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი." 

შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, აუდიტის სამსახური პარტიას არაფულადი შემოწირულობების დამალვასაც ედავებოდა. რის შემდეგაც პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" (ალტ-ინფო) სასამართლომ 218 000 ლარით დააჯარიმა.

| Print |
FaceBook Twitter Google