ჰელსინკის კომისია ევროსაბჭოს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ევროსაბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების ავტორებს სჯერათ, რომ საქართველოს უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობისშესაბამისი გზამკვლევი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ევროპული ოცნების ასრულების შესაძლებლობას.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობის დასაცავად, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა ნათელია.

გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის შესაბამისი გზამკვლევი. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ კოლეგებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევასა და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, თანათავმჯდომარე, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე კომისიის წევრები – სენატორი როჯერ უიკერი და კონგრესმენი ჯო უილსონი.
| Print |
FaceBook Twitter Google