ირაკლი ღარიბაშვილი:ევროკავშირმა დეოლიგარქიზაცია მოითხოვა არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ უკრაინისა და მოლდოვისგან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მზადაა ყველაფერი უმოკლეს დროში გააკეთოს.

"მე როცა ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ კანონის მიღება, ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, ითქვა ისიც, რომ ეს კანონი არ არის სრულყოფილი," -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აქვე განმარტა, რომ დეოლიგარქიზაცია ევროკავშირმა მოითხოვა არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ უკრაინისა და მოლდოვისგან, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

პრემიერმინისტრის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია და "ბატონი ივანიშვილის როლს თუ ვინმე არასათანდოდ აფასებს, ამას ჭირდება დასაბუთებული ფაქტები", ვინაიდან "სხვა შემთხვევაში ეს არის უსაფუძვლო ბრალდება."

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ჰქოლია ოდესმე. ქველმოქმედი, რომელიც ეხმარება 20 წელზე მეტია საკუთარ სამშობლოს. მან უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავლები და სიმდიდრე თავის სამშობლოს მიუძღვნა და თქვენ ასეულობით მასშტაბური პროექტის მომსწრენი ხართ. მას ქველმოქმედება არ დაუწყია ჩვენს პერიოდში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და მთავარი ქველმოქმედება, რომელიც მან განახორციელა, მე ვიტყოდი, ანტიევროპული ხელისუფლებიდან მოშორებაა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამგრძელებელია, თუმცა თავად ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და გავლენა მიმდინარე მოვლენებზე აღარ აქვს.

ოლიგარქის მაგალითად კი მან ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი დაასახელა.

| Print |
FaceBook Twitter Google