ჩემთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მოწოდება არაფერს ნიშნავს - კალაძე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

მისი აზრით, თუ სააკაშვილს რამე საჭიროებები აქვს, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

"ჩემთვის მათი მოწოდება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარია კონსტიტუცია და კანონები. ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ რამე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება - პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მარტო სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნას," - განაცხადა კალაძემ.

დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ისინი შეშფოთებული არიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მიიჩნევენ, რომ  სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახა კალაძე /