“ბოდიში მაგრამ, „სახლობანად“ მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ“-ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილის აზრით, საქართველოს ასეთი მკაფიო დღის წესრიგი არასდროს ჰქონია და ახლა მთელი ძალისხმევა 12 პუნქტის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.
ხოლო საპროტესტო აქციებზე დაყენებულ მოთხოვნას ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთვარობის ფორმირების შესახებ "გაუგებარ ფანტაზიას" უწოდებს.

"3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ. ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. იქ იდეის გამო ვიყავი. ჩემი მიზანია, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც "სახლობანაში" ვერავის დავეხმარები. "სახლობანად" მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ.

არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი.

რაღაც "სახლობანა", მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. საბოლოო ჯამში, იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ისევ პარლამენტში უნდა მოვიდნენ და ეს ყველაფერი რას ემსახურება?! - ენერგიის გაფანტვას და "ქართული ოცნების" გაძლიერებას. როგორც დაეხმარნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ხელს ერთი წლით არ აწერდნენ - ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები ან "ქართული ოცნების" უნებური დახმარება.

ახლა სასწორზე საქართველოს პერსპექტივა დევს - ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით ან გავხდებით ტამბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა - ამაში ვერავის დავეხმარები, ამიტომ აქციაზე არ მივალ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google