დღეს პეტრე-პავლობაა
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ამ ორ წმინდანს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ისე არ ყოფილიყო ჯვარზე გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა და მას სავლე ერქვა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა, რომელიც სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულმოფენობის დღესასწაული კი, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ამიტომ პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.



| Print |
FaceBook Twitter Google