აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ 80 000 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა
აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 80 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იტალიური და მაროკოული კალიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღინიშნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სეს-ის უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს. ფერმერები თვლიან, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, რაც ნათესების გადარჩენისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ კალიების საწინააღმდეგოდ ყველაზე დიდი მიწის ფართობი, 21 000 ჰა, კახეთში დაამუშავა. ქვემო ქართლში დამუშავებულია 45 000 ჰა, ხოლო, მცხეთა-თიანეთსა და შიდა ქართლში - 14 000 ჰა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც აზიანებს მარცვლოვან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, იკვებება მცენარის მწვანე საფარით და, ხშირად, მთლიანად ანადგურებს ნათესებსა და ნარგავებს.
| Print |
FaceBook Twitter Google