ეს ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია - ვოლოდიმირ ზელენსკი 2008 წლის ომზე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საჭიროა საუბარი იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს და არა იმაზე, რაც მოხდა.

"ამ დღეებში ხალხი იხსენებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე, იმის შესახებაც, როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოს ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიწოდებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, ეს ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია, მთლიანად არ გადასულა წარსულში. ამიტომ, იმაზე მეტი საუბარია საჭირო, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე იმაზე, რაც მოხდა", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მისივე განცხადებით, ის გამოწვევები, რომლებიც ომის შემდგომ წამოიჭრა, ახლაც აქტუალურია.

ზელენსკის თქმით, მსოფლიომ ახლა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საჭიროა ეფექტური და რეალური ინსტრუმენტები, რათა ნებისმიერი აგრესორი მიეცეს პასუხისგებაში მსგავსი ქმედებებისთვის.

"2008, 2014, 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს განსხვავებული მასშტაბები და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს საერთო აზრი აერთიანებს - რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა არ იმუშავა.

ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით წაართვა და აგრესორი სახელმწიფო დაისაჯოს ", - აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე განცხადებით, უკრაინელები საკუთარი სახელმწიფოს დაცვით იცავენ ყველას, ვისაც უკვე დაემუქრა ან შეიძლება დაემუქროს რუსეთი.
| Print |
FaceBook Twitter Google