დნეპროპეტროვსკის ქალაქების დაბომბვის შედეგად 13 ადამიანია გარდაცვლილი
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან ქალაქების მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა ხანძარი გააჩინა ახლომდებარე რამდენიმე სოფელში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს მარჰანეცში 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 12 დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის საცხოვრებელ უბნებს 80 რაკეტა ესროლეს. ქალაქის მასშტაბით დაზიანებულია 20-ზე მეტი შენობა, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი, კულტურის სახლი, საერთო საცხოვრებელი, ორი სკოლა და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.

როგორც რეზნიჩენკო წერს, დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ვიშეტარასოვკაში გარდაცვლილია ერთი ქალი, რომლის საცხოვრებელიც სრულად განადგურებულია. გარდა ამისა, დაზიანებულია კიდევ 11 სახლი და გაზის მილსადენი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა.

ამ დროისთვის, დაბომბვის შესახებ, კრემლს განცხადება არ გაუკეთებია.

| Print |
FaceBook Twitter Google