ჯუანშერ ბურჭულაძე პოდოლიაკის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ხელისფულების წარმომადგენლებს ტონის შეცვლისკენ მოუწოდა.

ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა უკრაინელ ძმებთან ურთიერთობის დათბობა.

"ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, სწორი არ არის", - აღნიშნავს ბურჭულაძე.

მიხაილო პოდოლიაკმა ზემოაღნიშნული განცხადება გუშინ, 10 აგვისტოს, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გააჟღერა. იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ თანამდებობის პირების მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მათთვისაა საზიანო.

"ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომლებიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება", - თქვა პოდოლიაკმა ინტერვიუში.
| Print |
FaceBook Twitter Google