პოდოლიაკის განცხადებები მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით - მიხეილ სარჯველაძე
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პოდოლიაკის მსგავსი განცხადებები მოტივირებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობით.

სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებებში აღნიშნულ საკითხებს ცრუ ბრალდებებად აფასებს. მისი თქმით, მიხაილო პოდოლიაკის ბოლო განცხადება ლოგიკის კანონზომიერებას ემიჯნება.

„გამოდის, რომ თავს უნდა დაგვესხას, უმძიმესი ბრალდებები წამოაყენოს და შემდეგ გაგვაკრიტიკოს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხს ვითხოვთ. არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რამე ბრალდება წამოაყენოს. თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში,მაგალითად, პოდოლიაკი, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს.

იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. როცა არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, შემდეგ ნუღარ უკვირს, რომ მიიღებს მკაცრ პასუხს, მითუმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და რბილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმსახურებდა ასეთი განცხადებები.

სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს. პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, რეალურად როგორც ჩანს, მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით და სხვა არაფრით.

ბატონ სააკაშვილს სასჯელი აქვს დაკისრებული და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთაზე, რაზეც არ მგონია, დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე, ორი აზრი არსებობდეს. რაც შეეხება მკურნალობის საკითხს, თუკი ვინმე იტყვის, რომ მკურნალობის ისეთი სერვისი სჭირდება, რომლის მიწოდებაც საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მიხაილო პოდოლიაკმა ზემოაღნიშნული განცხადება გუშინ, 10 აგვისტოს, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გააჟღერა. იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ თანამდებობის პირების მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მათთვისაა საზიანო.
| Print |
FaceBook Twitter Google