აეროდრომებზე ტექნიკური ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუს სამხედროებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ტექნიკური ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ: დაივიწყეთ უკრაინა, გაიხადეთ ფორმა და წადით. ვერც ოკუპირებულ ყირიმში და ვერც ოკუპირებულ ბელარუსში თავს დაცულად ვერ იგრძნობთ. კარმა სადმე მაინც მოგძებნით“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

9 აგვისტოს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე „საკის“ სამხედრო აეროდრომზე სამშაბათს რამდენიმე აფეთქება მოხდა. კრემლის მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია, თუმცა დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგას, რომელმაც სამხედრო ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა.

გუშინ, 10 აგვისტოს ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა გომელის რაიონში მდებარე „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ინციდენტის მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის“ აალება გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google