სუს-მა ლამბალოს სკოლის დირექტორი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორისაა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი.  სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიაქტიურ ნივთიერებებს.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების ერთი მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება,"-აცხადებენ სუს-ში.

სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა სასამარარლომ უკკვე შეუფარდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google