ანსამბლი „გურჯაანი“ ფესტივალიდან დაბრუნდა
გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, რომლიც ლიეტუვაში გამართულ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას საქართველოში სიგელითა და დიპლომით დაბრუნდა.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „პაკროვის ზარები“ ქალაქ ვილნიუსში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში უკრაინის, სერბეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საქართველოს, ესტონეთის, ბულგარეთის, ნორვეგიისა და გერმანიის ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.



როგორც გურჯაანის კულტურის ცენტრისა და ანსამბლ „გურჯაანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილია დათუაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მათი ანსამბლი ფესტივალზე სამი კონცეტრით წარსდგა.
„საკმაოდ საინტერესო და კარგად ორგანიზებული ფესტივალი იყო, რომელიც უკვე 15 წელია ტარდება. ჩვენი ანსამბლი სამი კონცერტით წარსდგა. პირველი გამოსვლა გვქონდა 20-წუთიანი, მეორე-15-წუთიანი და მესამე 10-წუთიანი.“ - ამბობს ილია დათუაშვილი.


მნიშვნელოვანია, ის, რომ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ხუროშვილმა და ლიეტუვას ნაციონალური ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა ირენე ზახაროვამ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რაც მიზნად ისახავს მხარეებს შორის კულტურული ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ახალგაზრდა შემოქმედების მხარდაჭერასა და მათ პროფესიულ ზრდას.





მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ყოველწლიურად მოიწვიონ ერთმანეთი კონფერენციებზე, კონცერტებზე, ფესტივალებსა და კონკურსებზე.


„გავიცანით ანსამბლები, რომლებსაც მომავალში ალბათ მოვიწვეთ ჩვენს რეგიონში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ქართული ფოლკლორის მიმართ. ამიტომ გვინდა, ჩვენც მოვიწვიოთ რამდენიმე ჯგუფი და ჩვენი ანსამბლებიც გავიდნენ გასტროლზე. გვინდა გურჯაანში არსებულ კარგ ანსამბლებს მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეთ გასვლითი კონცერტები, რადგან ეს კარგი მოტივაციაა, რომ გუნდი შეიკრას და უფრო მეტი სამუშაო, მეტი პერსპექტივები გაჩნდეს.“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში ილია დათუაშვილი.

მისივე თქმით, ანსამბლმა „გურჯაანმა“ ფესტივალზე წარმოდგენილი ქვეყნებიდან უკვე მიიღო რამდენიმე მიწვევა მომავალი წლისთვის.

მანამდე კი დეკემბრის თვეში, ანსამბლ „გურჯაანის“ მოზარდების გუნდი გერმანიაში გაემგზავრება.

| Print |
FaceBook Twitter Google