„ფერმერის დღე 2022“-ის ცერემონიაზე წლის ფერმერები 12 ნომინაციაში დააჯილდოეს
"ფერმერის დღე 2022" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.
ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქტის გამოფენა "ექსპოჯორჯიაში" გაიმართა.

ცნობილია, რომ ღონისძიებაზე წლის ფერმერები 12 ნომინაციაში: წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი დაჯილდოვდნენ.

"ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა. სახელმწიფოს ექნება ახალი პროგრამები, ახალი ინიციატივები, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძვირფასო ფერმერებო, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისთვის. თქვენ ქმნით პროდუქტს და იმკვიდრებთ თავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მე პირადად, როგორც მინისტრი გპირდებით, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.








| Print |
FaceBook Twitter Google