მართვის მოწმობის ასაღებად ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო ხდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო გახდება.
აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატმა პასუხი ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად უნდა გასცეს.

ცნობისთვის,  „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.


| Print |
FaceBook Twitter Google