თურქეთში ქართველთა სამაშველო ჯგუფს 40 მაშველი დაემატება
თურქეთში მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ჩასულ ქართველთა სამაშველო ჯგუფს უახლოეს პერიოდში კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.

60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.“ აღნიშნულია ინფორმაციაში.


როგორც შსს-ში განმარტავენ, ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. მაშველები აღჭურვილნი არიან ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
| Print |
FaceBook Twitter Google