საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - ლევან დავითაშვილი

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნავთობის ფასთან მიმართებით, გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული. 

„შეხვედრა გამართეს ბატონმა მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან. აქაც გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული არ იყო გონივრული და მათგან მივიღეთ პირობა, რომ ფასების კლება დაიწყებს. რეალურად, უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2.40-ზეა უკვე ჩამოსული თუ არ ვცდები ევრო რეგულარის ფასები, ბენზინის ფასი და შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ეს პირველ რიგში ხალხს დაეხმარება და ინფლაციის დონესაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.


„ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ხალხს დაეხმარება, ჩვენს ხალხზე აისახება და ინფლაციასაც წაადგება რა თქმა უნდა, ინფლაციის დონეს შეამცირებს მნიშვნელოვნად.

ფასები არის ძალიან შემცირებული ნავთობზე, ის ნავთობი რომელიც შემოაქვთ იმპორტიორებს, საკმაოდ შემცირებულია. რა თქმა უნდა მათი არგუმენტები ჩვენ მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგების მართვას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები. მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია ჩვენ დავკეტოთ მაგალითად, ისე როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგო კრიზისი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოში და ევროპაში და ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. „დაკეტვით“, ანუ ზედა ზღვარი განსაზღვრეს, „ჭერი“ განსაზღვრეს.

ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა. ოპტიმისტური განწყობით დავშორდით და იმედი გავქვს, რომ ძალიან მალე კიდევ გაგრძელდება აქტიურად თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება,“- აღნიშნა პრემიერმა.

სხდომის შემდეგ ამ საკთხზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც გააკეთა განცხადება.

„საწვავთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავინახეთ ის კლების ტენდენცია, რომელიც ბაზარზე არსებობს. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში 2.39 ლარია, ასევე დამატებით იცით, რომ კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული პროგრამები და დაახლოებით 15-თეთრამდე ეს არის კიდევ დამატებითი ფასდაკლება შეღავათი.

შესაბამისად, პროპორციულად იკლებს პრემიუმის და სხვა კატეგორიის საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით, დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და თვის ბოლომდე კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების [მოლოდინი]. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები, გავაანალიზეთ ტენდენციები და ვფიქრობ, ოპტიმალური იქნება მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად საწვავზე. ეს არის როგორც წესი ევრორეგულარი და რეგულარი,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google