საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მერვე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

უფრო კონკრეტულად კი, გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების 88 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 13, სიღნაღი - 1, ლაგოდეხი - 5, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 1, ბორჯომი - 24, დმანისი - 19, მარნეული - 6, ხობი - 4, წალენჯიხა - 1, ვანი - 6, ჭიათურა - 2, ზესტაფონი - 1, ლანჩხუთი - 3.

„2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და შვიდ ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 47 (6318 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება,“ - აცხადებენ სამინისტროში.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საძოვარი /