მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის კონტროლი გამკაცრდება - ზურაბ აზარაშვილი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებთ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის კონტროლი გამკაცრდება.
„ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოჰყვა - სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ მკაცრი იქნება და ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს“-განაცხდა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის,გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.

„თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე დიდი ალბათობით, შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს და ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფასის, ნებისმიერი შეზღუდვის, დეფიციტის, თუ ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ.

სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. ჩვენ შესაბამისი ცვლილებებით რეგულაციაში უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე, მივმართავთ პარლამენტს. ასევე ჩართულია კონკურენციის სააგენტო და მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, როგორც ფარმაცევტულ სექტორში, ასევე სამედიცინო სექტორში და ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც სამწუხაროდ, რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოყვა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით იმ რეფორმას, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე და სამედიცინო სექტორში დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვაქვს. ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ამ რეფორმის ნაწილი ყველაზე რთული და ყველაზე მკვეთრი, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ამ რეფორმაზე და ფასწარმოქმნაც იქნება სამართლიანი. ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან იქნებიან კონკურენტულ გარემოში  და ორი და სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება და რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი იქნება,“ - განაცხადა აზარაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google