ჯარიმები იზრდება - რამდენს გადაიხდით ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორებით შემთხვევებზე
ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად მიიღო.


საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი 30 დღის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
  • ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა ეს გამოიწვევს:
  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ხოლო იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, მხოლოდ 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია და აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს სანქციას სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
| Print |
FaceBook Twitter Google