წნორის და მიმდებარე სოფლების სავარგულები სარწყავი წყლით შეუფერხებლად მომარაგდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობას აღნიშნული სამუშაოების გამო სარწყავის წყლის მიწოდების პრობლემა ექმნება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი საავტომობილო გზის მარშრუტი, ძირითადად, პარალელურად მიუყვება არსებულ მაგისტრალურ სამელიორაციო არხს. თუმცა, გარკვეულ ადგილებში, პროექტის შესაბამისად, ჰკვეთს ცენტრალური არხის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მკვებავ სარწყავ არხებს. თუმცა, ეს საკითხები პროექტში თავიდანვე იყო გათვალისწინებული.


„გზის სამშენებლო პროექტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული როგორც გზის აღნიშნული გადაკვეთები, ისე პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება. ასეთი ღონისძიებები, ჯამში, მოიცავს 67 კაპიტალური გადაკვეთის და 13 კმ-მდე სიგრძის სრულიად ახალი საირიგაციო ქსელის მოწყობას, რაც მაგისტრალური სამელიორაციო არხიდან ნაკვეთების სარწყავი წყლით შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს. ამასთან, არსებული გრუნტიანი კიუვეტებით მოწყობილი სარწყავი სისტემა, შეიცვლება კაპიტალური - რკინა-ბეტონის კიუვეტებით აშენებული საირიგაციო ქსელით.

ზამთრის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყლით უზრუნველყოფის საჭიროება არ დამდგარა და შესაბამისად, არც რაიმე სახის შეფერხებას ჰქონია ადგილი. კაპიტალური საირიგაციო ქსელის მოწყობამდე კი, გაზაფხულის აქტიური სარწყავი სეზონისათვის, არსებული საირიგაციო ქსელიდან ნაკვეთებამდე წყლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში, მშენებლობის პარალელურად, მოხდება.

ახალი საირიგაციო ქსელის მშენებლობის დასრულების შედეგად, არსებული საირიგაციო ქსელი ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი საირიგაციო სისტემით.

მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების და ინფორმირების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორი და ზედამხედველი კომპანიები, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგებლებთან ერთად, სამუშაო პროცესის პარალელურად, აქტიურად მართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, 2022 წელს დაიწყო და დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობისგან განტვირთავს 6 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს.
| Print |
FaceBook Twitter Google