გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს
ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის სოფელ ქვემო ალვანში დასადგმელად, მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს, - ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, თუშეთის განვითარების ფონდი ავრცელებს.
"გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დაიდგმება მისივე სოფელ ქვემო ალვანში! შემოწირულებების მიღება დასრულდა! ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუსტის დამზადებისთვის არის საჭირო! კონკრეტულად, ბიუსტის დამზადება და დადგმა ჯდება 15,360 ლარი, ხოლო შეგროვდა 13,097 ლარი, 4,290 ევრო და 850 დოლარი! დარჩენილი თანხა მოხმარდება გიორგის სოფელშივე მდებარე მისი სახელობის სპორტულ დარბაზს და ასევე გიორგის სახელობის ყოველწლიურ კვირეულს (ოქტომბრის ბოლოს). ამ საკითხებზე კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით დავწერთ. მოქანდაკესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია," - ვკითხულობთ თუშეთის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიუსტზე მუშაობა უკვე დაიწყო თუშმა მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.









| Print |
FaceBook Twitter Google