სახელოვნებო განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება

თელავის თეატრში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, კახეთის  რეგიონში მოღვაწე ხელოვნების  სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.

ხელოვნების სფეროში მოღვაწე პედაგოგ-მასწავლებლები კულტურის კომიტეტის ინიციატივას დისკუსიის ფორმატში გაეცნენ. აღნიშნული ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა ცვლილებებს ეხება.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.

როგორც მან ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება.

„კახეთის მთელი რეგიონი მოვიცვით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა", - აღნიშნა  ელისო ბოლქვაძემ.

სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.



 

| Print |
FaceBook Twitter Google