სიღნაღის პირველი თეატრალური ფესტივალი 3 ივნისიდან დაიწყება
მიმდინარე წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში გაიმართება სიღნაღის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად დააფუძნეს.


სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს 18:00 საათზე სასტუმრო „სიღნაღში“ გაიმართება პრესკონფერენცია, რომლის შემდეგ ჩატარდება სპექტაკლი და ფესტივალის საზეიმო გახსნა.

„ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია. მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში. გარდა საკონკურსო პროგრამისა, ამ ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართბა: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან. “ - აცხადებენ სამინისრტოში.

მათივე ცნობით, 30-მდე განაცხადიდან კონკურსში მონაწილეობისთვის 13 სპექტაკლი შეირჩა. პროფესიონალი ჟიური, რომელიც 3 კრიტიკოსისა და 2 რეჟისორისგან შედგება, სამ გამარჯვებულს (პირველი, მეორე და მესამე ადგილი) გამოავლენს.

სიღნაღის პირველი თეატრალური ფესტივალი 10 ივნისს გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება.


| Print |
FaceBook Twitter Google