რას ითხოვს სურსათის ეროვნული სააგენტო ყველით მოვაჭრეებისგან
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „გლეხურ ბაზარი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს და შესაბამისი შენიშვნები მისცეს, რამაც მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქმე ეხებოდა ყველით მოვაჭრეებს, რომლებსაც ამ პროდუქტის რეალიზაციისას შესაბამისი ნორმების დაცვა მოსთხოვეს.

„ჩვენ არ დავუჯარიმებივართ, მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ყველის რეალიზაციისას დაცული უნდა იყოს ყველი და შენარჩუნებული ტემპერატურული რეჟიმი. მაცივრები უნდა გქონდეთო, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, ჯერ გარემოვაჭრეებთან მოეგვარებინათ ეს საკითხი და ჩვენთვის მერე მოეთხოვათ. ჯერჯერობით ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, ამის შესახებ გაგვაფრთხილეს, მაგრამ რა იქნება მომავალში, არ ვიცით,“ - ამბობენ ყველით მოვაჭრეები, რომლებიც რეალიზაციას შპს ხლეხური ბაზრის ტერიტორიაზე ახდენენ.

მათივე მოთხოვნით, სააგენტოს წარწმომადგენლებმა, გარემოვაჭრეებს მოუწოდეს, რომ ქუჩაში დალაგებული პროდუქტი აეღოთ.
„მითხრეს პროდუქტი აიღეთ, აქ ვაჭრობა არ შეიძლებაო და ავიღე. პარკებში მქონდა ჩალაგებული, შიგნით[ბაზარში] კიდე პირდაპირ ყრია,“- გვეუბნება ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

როგორც შპს გლეხური ბაზრის დირექტორი, ლამარა აკოფაშვილი speqtri.ge- სთან საუბარში ამბობს, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მოითხოვეს, რომ ყველი შემინულ ჭურჭელში ინახებოდეს.


„სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს მეყველეებმა უთხრეს, გარეთ რომ მოვაჭრეები არიან, რატომ იმათ არ უშლით ვაჭრობასო. მაგათი პასუხია ხოლმე, რომ გარეთ ჩვენ არ გვესაქმებაო, მაგრამ თუ ხალხის ბედი ადარდებთ, მაშინ გარეთ ნაყიდი პროდუქტით მოიწამლება თუ შიგნით ნაყიდით, რა მნიშვნელობა აქვს. ამაზე პასუხი არავის არ აქვს.

ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ საყველე ოთახი, მაგრამ იქ არ შევიდნენ მოვაჭრეები. ვისაც ბოსტნეული და ბაღჩეული აქვს, უმრავლესობა ყველსაც ჰყიდის და იქ როგორღა შევლენ. სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა მოსთხოვეს, მაშინ შემინულ ქურჭელში დადეთ ყველიო. მომავლისთვის ალბათ გააკეთებენ და თუ არ გააკეთებენ, თვითონ დაჯარიმდებიან, “ - გვეუბნება ლამარა აკოფაშვილი.


მისივე თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „გლეხური ბაზარი“ 15 აპრილს გეგმიური შემოწმებისას 1000 ლარით დააჯარიმა და გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა. დღეს ისინი სწორედ მათ გადასამოწმებლად მივიდნენ.

„გეგმიური შემოწმების დროს 1000 ლარით დაგვაჯარიმეს. მოგვედავნენ, რომ არ ტარდება მღრღნელების საწინააღმდეგო დეზინფექციაო, არ იყო გამაცხელებელი, ფარდები, რომ სახორცეში ბუზები არ შევიდნენ. ნაწილი საკითხების მოვაგვარეთ, ნაწილის მოსაგვარებლად კი ორშაბათამდე მოგვცეს ვადა. მინდა გითხრათ, რომ დამლაგებლებიც გვყავს, საპირფარეშოც მოწესრიგებულია, წყალიც გვაქვს და ისეთი პირობებია, როგორც ბაზარს შეეფერება.“

შპს გლეხურ ბაზარს ორშაბათამდე ვალდებულება აქვს, რომ მოაწესრიგოს დეზინფექციის აღრიცხვის ჟურნალი და გააკეთოს წყლის გამაცხელებელი.

აქვე გეტყვით, რომ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა პოლიციაც.

| Print |
FaceBook Twitter Google