14 წლის გოგოს დედას ქორწინების იძულების ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგონას დედას ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას სახლიდან წასვლით დააღწია თავი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.“ - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
| Print |
FaceBook Twitter Google