80%-იანი კლების შემდეგაც რუსეთი საქართველოში გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზეა
ბოლო ერთ წელიწადში, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა, წინა წელთან შედარებით 79,36%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქციულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ უცხოეთიდან საქართველოში გზავნილების 96,8% იმ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში გზავნილების 97% მოდიოდა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ჯამში 283.01 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გზავნილები ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 80%-იანი კლების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში გადმორიცხული გზავნილების მოცულობით კვლავ პირველ ადგილზეა. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 61.76 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ამავე თვეში საქართველოში გამორიცხული გზავნილების 21.82%-ს შეადგენს. 



რუსეთიდან გზავნილების შემცირება ასევე აისახა მთლიან ფულად გზავნილებზე. შედარებისთვის, 2023 წლის ოქტომბერში ჯამში 283 მლნ დოლარი გამოირიცხა, რაც 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 44%-ით ნაკლებია.

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ჯამში 3.522 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა. აქედან 1.381 მილიარდი რუსეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს იკავებს, იტალია - 42.57 მლნ აშშ დოლართ (19.17%-იანი წლიური ზრდის ტემპით) და ამერიკის შეერთებული შტატები- 41.72 მლნ აშშ დოლარით (39.17%-იანი წლიური ზრდის ტემპით). 



შედარებით მცირე გზავნილების მოცულობის მიუხედავად, შესამჩნევია გზავნილების პროცენტული წლიური ზრდის ტემპი ერაყიდან (+420.18%), იორდანიიდან (+347.33%) და ნიდერლანდებიდან (+287.62%).

| Print |
FaceBook Twitter Google