ლეჩურთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.

მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხანძარი /