ევროკავშირის ფერებში ჩასმული რუსეთის რუკა - ბათუმის მერის გამოსვლა საკრებულოში
ბათუმის საკრებულოში, ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მილოცვის დროს, მონიტორზე ევროკავშირის ფერებში ჩასმული რუსეთის რუკა გამოჩნდა. მონიტორი მალევე გათიშეს.

„არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში. თუმცა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელზე მეც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, კოლეგებო თქვენც, ვინც ეს შეცდომა იხილა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ როდესაც არანორმირებულად გვიწევს შრომა და მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის თქმით, ბათუმის მერი ამ ნაბიჯით კორუფციის გადაფარვას ცდილობდა, რათა ოპოზიციის წევრ დეპუტატებს შეკითხვები ვერ დაესვათ და არჩილ ჩიქოვანის გამოსვლას „დადგმული სპექტაკლი“ უწოდა.

„ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google