თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია ცნობილია
თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კონკურსში, რომელშიც 13 კომპანია მონაწილეობდა შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" გაიმარჯვა. ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.

თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, აუცილებელია ფლობდეს 4500 მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილებას.

ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია - ,,ხმალაძე არქიტექტორები", რომელთაც კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის - შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.

| Print |
FaceBook Twitter Google